In ბაკურიანი, საინტერესო

ზამთრის ახალი კურორტი მიტარბი პირველ დამსვენებელს მიმდინარე წელს მიიღებს. საქართველოს მთავრობასა და „თიბისი ჯგუფში” შემავალ „ჯიარდისს” შორის ბაკურიანის და მიტარბის კურორტის განვითარების მიზნით მემორანდუმი გასული წლის ზაფხულში გაფორმდა. პროექტში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და მიტარბიში თანამედროვე სტანდარტების კურორტი მოეწყოს.

„ჯიარდისის” გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, მთავრობა იღებს ვალდებულებას ადგილზე შექმნას ინფრასტრუქტურა, ტურისტული კომპლექსების განვითარებას კი „ჯიარდისი” უზრუნველყოფს. ყარალაშვილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამუშაოები მოიცავს საბაგიროს მონტაჟს და მიტარბიში ძირითადი ინფრასტრუქტურის – გზა, გაზი, წყალი, კანალიზაციის სისტემის შექმნას.

მისივე თქმით, პირველი ფაზა, რაც კოხტის მიდამოების კეთილმოწყობას მოიცავს, დაწყებულია. მიდის სასტუმროს მშენებლობაც. 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს სამუშაოები, რის შემდეგაც „ჯიარდისი”სასტუმრო და საბინაო ფონდის შექმნას დაიწყებს.

„ჯიარდისის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ კერძო სექტორს პირველი დამსვენებლის მიღება წელს შეეძლება, რადგან გაიხსნება საბაგირო, რომელიც იფუნქციონირებს.

ყარალაშვილის მონაცემებითვე, კურორტის განვითარების გეგმა ფრანგული კომპანიის მიერ მომზადდა, რომელსაც ამ სექტორში დიდი გამოცდილება აქვს და შემუშავებულია 15 წლიანი გეგმა.

„საბოლოო ჯამში სურვილია, რომ ევროპული თანამედროვე დონის კურორტი შეიქმნას, რომლის მსგავსი ამიერკავკასიაში არაა. აქ შეიქმნება ეკოლოგიური გარემო და კურორტის განვითარება წინასწარ გაწერილი გეგმით მოხდება და არა ქაოტურად, როგორც ეს გუდაურის და ბაკურიანის შემთხვევაში ხდება” –აცხადებს ყარალაშვილი.

ბაკურიანი-მიატრბის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაობი მიმდინარე წლის ზაფხულში პრემიერმა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი დიდ სიკეთეს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ბაკურიანს კიდევ უფრო განუმტკიცებს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსს.

ავტორი:სალომე სოსელია
წყარო: კომერსანტი

SHARE NOW
Recommended Posts
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt