უსაფრთხოება მთაში

Avatar

საბაგიროები

​ალბათ ყველას გვახსოვს წინა წლის სეზონზე, გუდაურიდან გავრცელებული კადრები რომელიც საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლას ასახავდა.  11 მარტს საძელის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცუდი სანახაობა შეიქმნა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაშუქდა. ჩემთვის, როგორც ამ სფეროში ჩახედული ადამიანისთვის და ​ საბაგირო გზების სისტემებით დაინტერესებული ადამიანისთვის, ცალსახა იყო, რომ იქ ადამიანური შეცდომა გაიპარა (human error). ზოგადად, საბაგიროები იმხელა მექანიკურ სისტემას წარმოადგენენ, რომ მათი ასე მარტივად მწყობრიდან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ასი პროცენტით არასდროს არავინ არის დაზღვეული.

2017/18 წლები საბაგიროებისთვის წარუმატებელი წელი იყო, არა მხოლოდ გუდაურში მოხდა ნეგატიური ფაქტი, არამედ ალპებშიც, კერძოდ კი შამონიში (საფრანგეთი) დაიწვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაგირო, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მართვის კომპანია სეზონურ სამუშაოებს ანხორციელებდა სადგურის სახურავზე. სახურავს ცეცხლი უმალვე მოეკიდა და სულ მთლიანად მთელი საბაგირო სისტემა ჩამოშალა.

ასევე იყო ერთი ინციდენტი ავსტრიაში, კერძოდ ინსბრუკში, Patscherkofelbahn საბაგიროზე. ორმა მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ საბაგიროს სამართავი ინტერფეისი სრულიად იყო გამოტანილი ინტერნეტ სივრცეში და რეალურად ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისი ბოროტად გამოყენება, ეს საკითხს გუდაურის ინციდენტის კონტექსტშიც კი განიხილავდნენ. ავსტრიის მთავრობამ პრობლემის შეტყობინების შემდგომ საბაგირო უმალვე დაკეტა. სტატიაში, სადაც ამ ქეისის შესახებ ეწერა პირველი კურორტი რაც კი მოხსენიებული იყო გუდაურია (დაწვრილებით ამ პრობლემის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ).  ასევე სულ ახლახანს, გონდოლების კოლიზიის ინციდენტს ჰქონდა ადგილი კვლავ ავსტრიაში. ინციდენტი რთული მეტეოროლოგიური პირობებით იყო გამოწვეული. ინციდენტი მაშინ მოხდა როდესაც საბაგირო ვიზიტორთათვის დახურული იყო, ხოლო გონდოლები საწყობში შეყავდათ.

საბაგიროებთან დაკავშირებული მსგავსი ფაქტები ყველგან ხდება და არა მხოლოდ საქართველოში, ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც მოსდით შეცდომები. მთავარია რომ კონკრეტული ფაქტებიდან რა დასკვნებს და შედეგებს ვღებულობთ მომავალში.

გუდაურის ინციდენტის განვითარება: საძელის ინციდენტის გამოსაკვლევად, ეკონომიკის სამინისტრომ საგამოძიებო საქმიანობაში ჩართო გლობალური ლიდერი ტესტირებაში, ინსპექტირებასა და სერტიფიცირებაში  – ბიურო ვერიტასი (Bureau Veritas) – რომლის შუალედური ანგარიშის თანახმად, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორი იყო მიჩნეული.

“საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი.” ვკითხულობთ ანგარიშში.

ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა და  საინტერესოა რა ხდება დღეს, როგორ ხვდება მთის კურორტების კომპანია და ეკონომიკის სამინისტრო ახალ სამთო–სათხილამურო სეზონს უსაფრთხოების კუთხით. რა გამოწვევები იყო დაძლეული და რა შედეგები იქნა მიღწეული.

გავარკვიე რომ, მთის კურორტების კომპანიამ დაიქირავა საერთშორისო კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალი“, რომელსაც დაევალა მთის კურორტების კომპანიაში არსებული საბაგირო გზების ინსპექტირება და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში შემოწმება. დამატებითი დეტალები კი „სი ეი ინთერნეიშენალი“ –ის დირექტორმა სანდრო შელიამ მოგვაწოდა.

წელს, კურორტებზე არსებული საბაგიროს ინსპექტირება მოხდა მთის კურორტების კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე. გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძი, ამ კურორტების საბაგიროების დეტალური ინსპექტირება ჩავატარეთ, დადგინდა რომ არსებული საბაგიროები ყველა რეგლამენტს და ტექნიკურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის კურორტების კომპანიასთან და მომავალშიც ვაპირებთ კურორტებზე საბაგირო გზების ინსპექტირებას.

ასევე მოხდა საბაგიროს პერსონალის სრულიად გადამზადება და სერტიფიცირება.

გირჩევთ წაიკითხოთ: გუდაურის ახალი სისცოცხლე

ზვავები

კურორტზე ზვავების მართვის სისტემაც ინერგება, რისი მეშვეობითაც კურორტი შეძლებს მართოს ზვავები და შეამციროს რისკები. ზვავის საშიშროების შემთხვევაში, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობები პნევმატური გამშვებით დაშლიან ზვავებს. გუდაურში 1848 წელს დაფუძნებული ფრანგული კომპანია Lacroix-ის ზვავსაწინააღმდეგო სისტემები მონტაჟდება. ეს კომპანია მსოფლიოს 110 სხვადასხვა ზამთრის კურორტს ემსახურება, რომელსაც უკვე შემდეგი წლიდან გუდაურიც შეუერთდება.

ავიაცია

საქართველოს მთავრობამ ძებნა–შველისთვის ერთი დამატებითი ვერტმფრენი შეიძინა, რომელშიც 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა. მას მერე ანუ 2014 წლის შემდეგ როდესაც შპს “საქაერონავიგაციას” დაევალა მსგავსი სამაშველო სამუშაოების ჩატარება, გაჩნდა მოქნილობის საჭიროება და რამოდენიმე შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება. სწორედ  წელს ეს პრობლემა მეტ–ნაკლებად აღმოფიხვრება. სულ ახალი Airbus H125-ი ტიპის ვერტმფრენი, სამძებრო–სამაშველო სამუშაოებში ერთერთი ყველაზე მოქნილი და სწრაფია.

სამაშველო სამსახური

საქართველოს მთის კურორტების მაშველები განსაკურებით პატივსაცემი ხალხია მათი თავდადების, მაღალი პროფესიონალიზმის და ფიზიკური შრომის გამო. მთაში, ჩვენი სამაშველო სამსახური საკმაოდ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, მათ უამრავი ადამიანი ჰყავთ სიკვდილს გადარჩენილი თავიანთი თავდადებული შრომით, სიმამაცით და გამოცდილებით. ყოველწლიურად ყველა სამთო სათხილამურო კურორტზე მიდის სამაშველო სამსახურის გადამზადება და სეზონისთვის მობილიზება. გადამზადება და პროფესიონალური უნარჩვევების დახვეწა რამოდენიმე ძირითად კომპონენტს შეიცავს, ესენი: საბაგიროს საავარიო სიტუაციაში გაჩერების შემთხვევაში სტუმრების უსაფრთხო ზონაში გამოყვანა, ზვავში მოყოლილი ადამიანების ძიების და პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდება, კურორტზე სრიალის დროს ტრავმის შემთხვევაში სამედიცინო პუნქტამდე უსაფრთხოდ მიყვანა. სამაშველო სამსახურების გადამზადების პროცესში ასევე ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც, ძირითადად საფრანგეთის კურორტებიდან. მინდა, SkiGeorgia-ს სახელით სამსაშველო–სამსახურებს მშვიდი ზამთრის სეზონი ვუსურვო.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt